понедельник, 5 сентября 2011 г.

წერილი ათონის მთის მონასტრების წმიდა იღუმენებსა და წმიდა კინოტის წევრებს

ჩვენი ეს წერილი შეეხება კინოტის მიმართვას (რომელიც მან გაუგზავნა პატრიარქ ბართლომეს -ავტ.) და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს ანტიმართლმადიდებლურ და ერეტიკულ ქმედებებს. წმიდა კინოტის მიმართვა არ არის პირდაპირ მიმართული ეკუმენისტური მწვალებლობის მთავარი მოღვაწეების _ პატრიარქ ბართლომესა და მთავარეპისკოპოს ქრისტოდულოსის მიმართ. 
     მიმართვაში თქვენ აღნიშნავთ, რომ მსოფლიო საპატრიარქო იღვწის იმისათვის, რომ მთელს მშოფლიოში ისმოდეს მართლმადიდებლობის ხმა. მოგვიტევეთ, მაგრამ ეს სრული ფუჭსიტყვაობა და სიცრუეა, რაღა თქმა უნდა თუ ამაში არ გულისხმობთ ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვებსა და მათი საიდუმლოებების აღიარებას. 
     აღნიშნავთ, რომ თქვენ იცავთ წმიდა მამათა სწავლებას და ახსენებთ წმ. გრიგოლ პალამას სახელს, რომელიც თვლიდა, რომ ვისაც არ უპყრია ჭეშმარიტება, იგი არ ეკუთვნის ეკლესიას, იქნება იგი მონაზონი, იღუმენი, ეპისკოპოსი თუ პატრიარქი. როგორ შეიძლება ჭეშმარიტ ეკლესიას ეკუთვნოდეს პატრიარქი, რომელმაც პაპის წინაშე კონსტანტინოპოლში წმ. ანდრია მოციქულის დღესასწაულზე გაითამაშა ეს სპექტაკლი (საუბარია მწვალებლებთან ერთობლივ ლოცვასა და ზიარებაზე-ავტ.) და რომელიც თვლის, რომ შეცდომა დაუშვეს ჩვენმა წინაპრებმა და წარმოშვეს სქიზმა პაპისტებთან? როგორ შეიძლება მართლმადიდებელი ეწოდოს მას, ვინც ეკუმენისტური მწვალებლობის ავანგარდშია და მონაწილეობას იღებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობაში? . . . ბართლომე, რაც სწამს პაპის თაობაზე, იმას ახორციელებს. პაპს ქრისტესმიერ ძმად აღიარებს, ცნობს მათ (პაპისტების) საიდუმლოებებს, ეშმაკის მსხვერპლად მიიჩნევს მათ, ვინც დაგვიცვა პაპიზმის ერესისაგან (წმ. გრიგოლ პალამა, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. ფოტი კონსტანტინეპოლელი და სხვები-ავტ.) და აქედან გამომდინარე წმიდა ლიტურგიისას პაპი უმაღლეს ტახტზე დააბრძანა. მეტი რაღა უნდა გააკეთოს, წმიდა მამებო, იმისათვის, რომ პაპი რომის კანონიერ ეპისკოპოსად იქნეს მიჩნეული? ეკლესიის გადმოცემით და მამათა სწავლებით, ყველა, ვინც ასეთი რწმენის მქონე პატრიარქს იხსენიებს, არსობრივად იმავე რწმენის თანაზიარია . .  
     აღნიშნავთ, რომ ,,მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, თითქოს პაპისადმი სპეციალურად დაწერილი ტროპარის ავტორი ათონელი ბერები იყვნენ". გასაოცარია, მამებო, რომ ტროპარის შექმნის ანონიმ ბერზე დაბრალებამ აღგაშფოთათ და არაფერს ამბობთ თავად ტროპარის შინაარსზე, რომელიც პაპს ცოცხალ წმინდანივით მოიხსენიებს. როგორ უნდა გაებედა პატრიარქს მიემართა პაპისათვის სიტყვებით: ,,კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა", რომელიც ქრისტესთვის ითქვა? ეს არის ან ფორმალური ლექსიკა, ან წარმოაჩენს პატრიარქის აზროვნების ღრმა რღვევას. ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, ამ ბოლო აზრს ვემხრობით. ამ აზრში გვამტკიცებს ის, რომ ამ სიტყვებით მთელი მსოფლიოს დასანახად მიმართეს საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებლობის ყველაზე დიდ მტერს _ პაპს. მას, ვინც ათი საუკუნეა ებრძვის მართლმადიდებლობას, მას, ვინც უამრავი მართლმადიდებელი გააკათოლიკა უნიის საშუალებით, მას, ვინც თავისი თავი მიწიერ ღმერთად გამოაცხადა. 
      წმიდა კინოტი ასევე აცხადებს, რომ ,,ფანარისა და ათენის მთავარეპისკოპოსის პაპის ვიზიტებისადმი ამგვარი თბილი დამოკიდებულება, ერთი მხრივ, ქმნის ერთიანობის მცდარ შთაბეჭდილებას, ხოლო, მეორე მხრივ, მრავალ მორწმუნეს აცდუნებს და კეთილმორწმუნე მართლმადიდებლებს ეკლესიის სხეულისაგან განაშორებს და ახალი განხეთქილებების შექმნისაკენ უბიძგებს". ნუთუ, მამებო, ერეტიკოს ეპისკოპოსთან ან მიტროპოლიტთან ან პატრიარქთან ურთიერთობის გაწყვეტას ეკლესიის სხეულში განხეთქილების შექმნად მიიჩნევთ? თუ ასე მიგაჩნიათ, მაშინ უნდა დაგმოთ და ეკლესიიდან განკვეთოთ უთვალავი წმიდანი აღმსარებელი, რომელთაც კავშირი გაუწყვეტიათ ერეტიკოს ეპისკოპოსებთან და პატრიარქებთან, და პირველ რიგში, ის ათონელი წმიდა მოწამენი, რომლებმაც კავშირი გაწყვიტეს ლათინმოყვარე პატრიარქ იოანე ვეკომთან. ასევე უნდა დაგმოთ ისინიც, ვინც შეწყვიტა პატრიარქ ათინაგორას მოხსენიება უკანონოდ ანათემის გაუქმების ცნობილი ფაქტის გამო და თანამედროვე ეპოქისეული თეოლოგიის შესაბამისად მოიხსენიოთ პატრიარქი ვეკომი, ათინაგორა, ბართლომე, ქრისტოდულოსი და სხვ. მამებო, ეს რომ ეკლესიის სწავლება ყოფილიყო, მაშინ ეკლესია ანთროპოცენტრისტული იქნებოდა და საფუძვლად არა ჭეშმარიტება, არამედ ეპისკოპოსის აზრი ექნებოდა, როგორც ეს პაპიზმში ხდება, მაშინ აღარ იქნებოდა საჭირო სარწმუნოებისათვის ამდენი სისხლის დაღვრა, რადგან სარწმუნოებას გამოხატავდა უპირატესი და ყველა მას დაემორჩილებოდა . . . 
     ფაქტია, რომ, რაც უფრო შეუერთდება ათონის მთა ევროპულ პროგრამებს, აითვისებს მის ეკონომიკურ პროგრამებს და ექნება ევროპული ორიენტაცია, მით უფრო შეუძლებელი იქნება პროტესტისას მართლმადიდებლურად გამართული სიტყვები წარმოთქვათ და იძულებული იქნებით თქვენს სპონსორს დაემორჩილოთ. სამწუხაროა, რომ მონასტრების აღდგენისას და გარემონტებისათვის ზურგი ვაქციეთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მზრუნველობას და ევროპის ცოდვილ და იოლ თანხებს დავეწაფეთ, დავარღვიეთ ის საზღვრები, რომლებიც წმიდა მამებმა დაადგინეს. ყველამ ვიცით, რომ არავინ არაფერს სამაგიეროს გარეშე არ მოგვცემს. 
     ასევე სამწუხაროა, მამებო, რომ ერეტიკოსებთან ორმოცწლიანი დიალოგის შედეგად ვერ გაგიგიათ მისი მიზანი. ვერ დარწმუნდით იმაში, რომ არც პაპისტებმა გააცნობიერეს თავიანთი მწვალებლობა და ჩვენც ვიხრჩობით მათ მხეცურ საცეცებში? ვერ ხვდებით, რომ ამ დიალოგების ერთადერთი შედეგი, ისევე, როგორც ფლორენცია-ფერაროს დროს, მართლმადიდებლების დანაწევრებაა? 
     დასასრულს აცხადებთ, რომ ,,ათონის მთა ღვთის მადლით წმიდა მოციქულებისა და წმიდა მამების სარწმუნოების მიმდევრად რჩება". ამას დავიჯერებთ, თუკი ათონის მთა განეშორება ერეტიკულად მოაზროვნე და მოქმედ დღევანდელ პატრიარქს. ის გზა, რომელსაც ასეთ შემთხვევაში წმიდა მამები გვიჩვენებენ, მოხსენიების შეწყვეტაა.
     ყოველივე ცუდი მსოფლიო პატრიარქის 1920 წლის ცირკულარით დაიწყო, გაგრძელდა საეკლესიო კალენდრის შეცვლით და შემდგომ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში შესვლით. შემდეგ სიმსივნე გაიზარდა ანათემების (უკანნონო-ავტ.) მოხსნით და თეატრალიზებულად დადგმული თეოლოგიური დიალოგებით.  განგრენა განვითარდა კონსტანტინოპოლის მიერ 1990 წელს, შამბეზში მონოფიზიტების, 1993 წელს ბალამანდში პაპისტების, შემდეგ კი ლუთერანების ერეტიკული საიდუმლოების აღიარებით. და ბოლოს დასრულდა საზეიმო ლიტურგიით ერეტიკოსთა ლიდერის თანდასწრებით მართლმადიდებლობის ოფიციალური დამორჩილებით ,,ახალი ეპოქისადმი". ეს გზა სულიერი დაღუპვისაკენ მიემართება, ე.ი. ყველა იმის მოკვეთისაკენ ეკლესიის სხეულიდან, რომელიც ქმედებით ან უმოქმედობით ანტიქრისტიანულ განდგომილებას უერთდება. ვინაიდან მსოფლიო პატრიარქმა გააგრძელა სულიერი დაცემა, წმიდა კინოტმა უნდა შეწყვიტოს მისი მოხსენიება, რათა იყოს უსაფრთხოდ და გააგრძელოს მარადიულ ეკლესიასთან კავშირი, როგორც ამას აკეთებდნენ ისინი, ვინც თავის დროზე იოანე ვეკომისა და პატრიარქ ათინაგორას მოხსენიება შეწყვიტა. ათონის მთა არ უნდა გაებას ევროპელი სპონსორების მახეში: ერთი მხრივ, ბერებმა უნდა იცხოვრონ სიღარიბეში და უბრალოებით, მეორე მხრივ, უნდა ილაპარაკონ თავისუფლად და პირდაპირ ყოველივე ცუდზე, რაც შინ და გარეთ ხდება. ათონის მთის ეკონომიკური დამონება არის სასიკვდილო დარტყმა მისი დოგმატური სინდისისადმი. მთელს ათონის მთას უნდა ჰქონდეს ერთიანი წინააღმდეგობა მწვალებლობისადმი, რათა არ მოხდეს მთელი მსოფლიოს თვალწინ ბერებს შორის დაპირისპირება და განხეთქილება. 
     ჩვენ ქვემორე ხელისმომწერნი, ვფიქრობთ, რომ წმიდა კინოტს ეძლევა გამოფხიზლების შანსი, რომ შეწყვიტოს უმოქმედობა ფანარაში (კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ადგილსამყოფელი-ავტ.) დადგმული თეატრალური წარმოდგენის მიმართ, რათა დამშვიდდნენ ათონის მთის პოზიციით შეშფოთებული მონაზვნები. გაცნობებთ, რომ თუკი მართლმადიდებლურ ღირსეულ პასუხს არ გასცემთ მსოფლიო პატრიარქის მიერ წმიდა კანონების უგულებელყოფას და ზღვარს გადასულ ქმედებებს, ჩვენ დავფიქრდებით წმიდა კინოტთან და მსოფლიო პატრიარქთან ეკლესიოლოგიური კავშირის შეწყვეტაზე. 
     იმის გამო, რომ არ არის შესაძლებელი ათონის მთაზე შეგროვილი ხელმოწერების სრულად გამოქვეყნება, ამიტომ ვბეჭდავთ მხოლოდ პირველ ხელმოწერებს: 
  გერონდა ილარიონი (დოქიარის მონ. პლატანის კელია);
  ბერი გაბრიელი (წმ. ქრისტოდულეს კელია, კუტლუმუში);
  გერონდა მელეტი (ღვთისმშობლის შობის კელია, სტავრონიკიტა);
  გერონდა საბა (მთავარანგელოზთა კელია, ჰილანდარი);
  არქიმანდრიტი კირილე (იღუმენი, მელისიხორის ისიხასტიონი, თესალონიკი, პანტოკრატორი);
  იოანე კორნარაკისი (ათენის უნივერსიტეტის პროფესორი)

Комментариев нет:

Отправить комментарий