დასკვნა ყოველივე იმის საფუძველზე, რაც აქამდე გვითქვამს და, ცხადია, იმ ცნობების გამო, რომელთა იგნორირებაც შეუძლებელია, აშკარა ხდება, რომ 1. ეკლესიათა მსოფლიო საბჭო წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა დანერგოს ქრისტიანული ეკლესიებისა და აღმსარებლობების გაერთიანების იდეა ორი პრინციპით: ა) როგორც საერთო პასუხისმგებლობა ურთიერთცნობისათვის, ურთიერთპასუხისმგებლობისათვის, ერთობლივი გზისათვის ისტორიაში, პრაქტიკულ დონეზე თანამშრომლობისა და ერთობლივი მოწმობისათვის. ბ) როგორც მოწოდება ერთ სარწმუნოებაში, ერთ ევქარისტიასა და განუყოფელი ეკლესიის ერთობლივ ცხოვრებაში ერთიანობისკენ. როგორც უკვე ნათელი გახდა, არც ერთი სახე წარმოადგენს ჭეშმარიტ ერთიანობას, არც მეორეა საკმარისი საფუძველი ერთიანობისათვის, რადგან პროტესტანტული აღმსარებლობები არ აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოება სწორედ იმ სარწმუნოებას წარმოადგენს, რომელსაც დღეს ფლობს კონკრეტული ისტორიული მართლმადიდებელი ეკლესია. 2. ემს-ს წევრ ეკლესიებს ერთიანობის ფორმის გამოვლინებაში ესმით ნათლისღების ურთიერთცნობა, სამწუხაროდ, ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია კიდევ უფრო შორს წავიდა და სცნო ანტიქალკედონიტებისა და გერმანიის პროტესტანტული აღმსარებლობების ნათლისღება. მაგრამ სხვა აღმსარებლობების ნათლისღების ცნობა დოგმატური ერთიანობის გარეშე არ არის ეთანხმება მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას. პროტესტანტული ეკლესიები ინარჩუნებენ ყველა იმ მწვალებლურ სწავლებას, რომლებზეც XVI საუკუნიდან მოყოლებული მართლმადიდებელი პატრიარქები მიუთითებდნენ. 3. ერთობლივი ლოცვები და ლიტურგიკულ შეკრებებში მონაწილეობა ემს-ს ეკუმენისტური მოძრაობის ჩვეულებრივ პრაქტიკას წარმოადგენს. მხოლოდ 1998 წელს, მართლმადიდებელთა პროტესტის შემდეგ შემუშავდა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ისინი არ ცვლიან ერთობლივი ლოცვების აღსრულების დადგენილ პრაქტიკას. ასეთი ერთობლივი ლოცვები მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებით იკრძალება და ისინი არ უნდა გაგრძელდეს. 4. ემს-ს მიზანი - სრულიადქრისტიანული ხილული ერთიანობის შექმნა - მიიღწევა პროტესტანტული ეკლესიოლოგიის საფუძველზე "უხილავი" ერთიანი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და მისი ისტორიული ხილული ფორმების აგება, რომელთაგანაც არც ერთი არ ფლობს სამოციქულო სარწმუნოების სავსებას, საყოველთაობას და მადლისმიერ ცხოვრებას. ამიტომ ემს-ს მიერ დასახული მიზანი - ხილული ერთიანობის შექმნა - ვერ თავსდება მართლმადიდებელ ქრისტიანთა ცნობიერებაში, რომლებიც აღიარებენ, რომ სამოციქულო სარწმუნოებისა და მადლისმიერი ცხოვრების სავსება მართლმადიდებელ ეკლესიაშია. სრულიადქრისტიანული ერთიანობა მართლმადიდებლური მნიშვნელობით უცხო აღმსარებლობის კუთვნილი ყველა ადმიანის მართლმადიდებლობის წიაღში დაბრუნებას გულისხმობს. 5. ემს-ში არსებობს ტენდენცია, რომ ქრისტიანული ერთიანობის საზღვრები გაფართოვდეს და მასში მსოფლიოს ყველა რელიგია მოთავსდეს იმ მიზეზით, თითქოს ცხონებისაკენ ყველა ადამიანია მოწოდებული და ჩვენთვის უცნობია, რა სახით და რა საშუალებებით გამოვლინდება ღვთის კაცთმოყვარება. მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ასეთი ერთიანობა სრულიად მიუღებელია, რადგან მართალია, ცხონება ყველა ხალხს მიეცა, მაგრამ ადამიანები თვითონ უარყოფენ მას, მისდევენ რა ცხონებასთან შეუთავსებელ გზებს. გარკვეული პროტესტანტული ჯგუფები ემს-სგან მოითხოვენ ოფიციალურად გადადგას ზნეობრივი თვალსაზრისით მიუღებელი ისეთი ნაბიჯები, რომლებიც სრულიად საწინააღმდეგოა სახარების სწავლებისა (ჰომოსექსუალიზმი და ა. შ.). ეს მოთხოვნები ჯერჯერობით არ არის შეწყნარებული, მაგამ არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სახელით გაიმართება ან უკვე იმართება მსჯელობა, სადაც ყველა მიმდინარეობის თანასწოუფლებიანად ცნობის საკითხს განიხილავენ. მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია სახარების სწავლების არად ჩაგდება და უსჯულოების გზით სიარული (ეს. 52, 11); 2 კორ. 6, 14). ქალთა ხელდასხმა, რომელიც მრავალი პროტესტანტული ეკლესიის პრაქტიკაში დასაშვებადაა მიღებული, კიდევ ერთი სერიოზული დარღვევაა მოციქულთა და მამათა წმ. გარდამოცემისა. 7. მთლიანობაში ემს არ იწონებს მართლმადიდებელი ეკლესიის მოწმობას, რაც აშკარა გახდა ემს-ს სამოცწლიანი არსებობის შემდეგ, მართლმადიდებლებლურ- პროტესტანტული კონტაქტების საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის გამოცდილებით. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ემს-ს მიზანი მისი წევრი ეკლესიების გაურკვეველ ერთიანობად გადაქცევაა, რაც ხანგრძლივი დროის მანძილზე ერთმანეთთან შერევით მიიღწევა. 8. მართლმადიდებელთა (ემს-ში მონაწილე ღვთისმეტყველთა და სხვათა) აზროვნების შეცვლა არის ფაქტი, რომელიც დიდ საფრთხეს უქადის მართლმადიდებელ ეკლესიას. ერთობ მნიშვნელოვანია ასევე შიდამართლმადიდებლური განხეთქილებების საშიშროებაც. 9. ემს-ს გავლენით მართლმადიდებლები და ანტიქალკიდონიტები ამ ორგანიზაციაში მონაწილეობენ, როგორც ემს-ს მართლმადიდებლური ფრთა, ანუ ერთმანეთს მართლმადიდებლებად სცნობენ. ასეთმა სულისკვეთებამ იქამდე მიგვიყვანა, რომ კეთდება მართლმადიდებლური თვალსაზრისით მიუღებელი ერთობლივი განცხადებები: არაოფიციალურ დიალოგებში მართლმადიდებელი და ანტიქალკიდონიტი ღვთისმეტყველებისა, ხოლო ოფიციალურ დიალოგებში - მართლმადიდებელ და ანტიქალკიდონიტ ღვთისმეტყველებს შორის. 10. მომავლის პერსპექტივა პასექის ერთობლივი დღესასწაული და მსოფლიო კონფერენციების მოწვევა დოგმატური ერთიანობის გარეშე) დამაიმედებელი არ არის - საჭიროა ყურადღების მოკრება და სიფხიზლე. 11. მართლმადიდებელი ეკლესიების მხრიდან ემს-სთან კავშირის გაწყვეტა ერთადერთი საკითხია, რომელიც დღესაც აქტუალურია, რადგან აშკარაა, რომ პროტესტანტული ეკლესიები არ იტყვიან უარს თავიანთ ეკლესიოლოგიურ საფუძველზე. მართლმადიდებელი ეკლესიები ემს-ში თავიანთი მონაწილეობით პრაქტიკულად ამტკიცებენ, რომ ისინი უარს ამბობენ თავიანთ ეკლესიოლოგიურ იდენტურობაზე. რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს ფორმალურად შორს უჭირავთ თავი ემს-სგან: ისინი უფრო თანმიმდევრულნი არიან თავიანთ ეკლესიოლოგიაში, ვიდრე ჩვენ, მართლმადიდებლები. 12. მართლმადიდებლებისთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ემს-ში მონაწილეობას - პირიქით, ეს მხოლოდ ზიანსა და ლპობას იწვევს. ჩვენი მისია იმაში მდგომარეობს, რომ უცხო აღმსარებლობის წარმომადგენლებს მართლმადიდებლობა ვუქადაგოთ. მაგრამ ეს საქმე წარუმატებლობისთვისაა განწირული: პროტესტანტებს არ სურთ მართლმადიდებლებლობის მიღება, ისინი თანახმანი არიან ჩვენთან თანაარსებობაზე და ეკლესიების სრულ ურთიერთცნობას ესწრაფვიან. ასეთი ორიენტაცია სავსებით ეთანხმება მათ ეკლესიოლოგიას. მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლები, ნუთუ უნდა ვმონაწილეობდეთ რაღაც ორგანიზაციაში (ემს-ში), რომლის შემადგენლობაც, სტრუქტურაც და მსახურებაც მთლიანად პროტესტანტულ ეკლესიოლოგიას ეფუძნება - ჩვენი ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე, რითიც ხაზგასმულია, რომ ისინი უარყოფენ ჩვენს ეკლესიოლოგიას? წინადადებები ყოველივ ზემოთქმულის საფუძველზე მართლმადიდებლური პოზიცია ემს-სთან მიმართებაში შემდეგი დებულებების სახით შეიძლება გადმოვცეთ: მართლმადიდებელთა მონაწილეობას ემს-ში არავითარი სარგებლობა არ მოაქვს არც მართლმადიდებლებისთვის, არც სხვა აღმსარებლობის კუთვნილი ადამიანებისთვის. ყველა ქრისტიანის სანუკვარი ერთიანობა ჭეშმარიტი სამოციქულო სარწმუნოებისა და ეკლესიის წიაღში ამ გზით არ მიიღწევა. შესაძლოა, დროთა განმავლობაში მართლმადიდებელმა ეკლესიებმა გაწყვიტონ კავშირი ემს-სთან. თუ ამ მიზეზთა გამო ზოგიერთი სწორად მოაზროვნე და ღვთისმოყვარე ეკლესია, რომელიც კარგად არის გათვითცნობიეებული, კრიტიკულად აფასებს ემს-სთან თანამშრომლობის ყოველგვარ ფორმას, მაშინ "ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს" სახელწოდება უნდა გადაერქვას და ეწოდოს "მსოფლიო ქრისტიანული საბჭო", მასთან კი ზერელე კავშირები დამყარდეს უბრალო დამკვირვებლების მეშვეობით - ყოველგვარი ბორკილებისა და პასუხისმგებლობის გარეშე, ესოდენ რომ ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებელი ეკლესიის ეკლესიოლოგიას. ამ შემთხვევაში ერთობლივი ლოცვები და ღვთისმსახურება აღარ აღსრულდება. "მსოფლიო ქრისტიანულ საბჭოში" მონაწილეობა მხოლოდ აკადემიურ დონეზე დარჩება, მართლმადიდებელთა პოზიცია კი მკაფიოდ გამოითქმება ცალკეული განცხადებების სახით, როგორც ეს ხდებოდა ნიუ-დელის გენერალურ ასამბლეამდე (1961). ერთიანობა, თუკი ის ოდესმე განხორციელდა, აღრევის კი არა, ლოცვისა და ჩვენი მართლმადიდებლური ცნობიერებისადმი ერთგულების ნაყოფი უნდა იყოს, უმთავრესად კი - ყოვლადსახიერი ღმერთის მიერ ბოძებული მადლი. ათონის წმინდა მთა, 2007 წლის 18 თებერვალი. კომისიის წევრები: ვატოპედის წმ. მონასტრისგან წინამძღვარი, იღუმენი ეფრემი; ფილოთეოზის წმ. მონასტრისგან ბერი ლუკა.
Комментариев нет:
Отправить комментарий