вторник, 9 августа 2011 г.

მიმართვა საბერძნეთის ეკლესიის იერარქებს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის თაობაზე



საბერძნეთის ეკლესიის უნეტარეს მთავარეპისკოპოსს
და ყოვლადუსამღვდელოეს მიტროპოლიტებს

უნეტარესნო მეუფენო,
ყოვლადუსამღვდელოესნო წმინდანო მღვდელმთავარნო,



    მწუხარებას, გაკვირვებასა და აღშფოთებას იწვევს ჩვენს სულებში საბერძნეთის ეკლესიის  მიერ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის მასპინძლობა და ორგანიზება. ამის გამო, ნება მოგვეცით, მართლმადიდებელი ეკლესიის გულშემატკივრებმა თავმდაბლად, ჩვენი სულიერი შვილების წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოგმართოთ ამ წერილით, რადგან შეუძლებელია, ღვთიური ჭეშმარიების ერთადერთი მფლობელი _ მართლმადიდებელი ეკლესია შეუერთდეს ამგვარ ქრისტიანთაშორის საქმიანობას და არ შეცვალოს ეკლესიოლოგიური თვითშეგნება, არ უღალატოს საკუთარ რწმენას და არ აცდუნოს კეთილმორწმუნე მრევლი. სამწუხაროდ, ჩვენი სამშობლო პირველი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც ამგვარი კონგრესის მასპინძლობა გაბედა და ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ფაქტი წარმოადგენს არა სიამაყის საბაბს, როგორც ამას კონგრესის ორგანიზატორები აცხადებენ, არამედ იგი კიდევ ერთი შავი ფურცელია საბერძნეთის ეკლესიის უახლოეს ისტორიაში.
    დღეს, გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველები, სასულიერო და საერო პირები კატეგორიულად საუბრობენ თავდაპირველი მიზნებიდან ემს-ს დაცილების, მისი დეგრადირებისა და ტრანსფორმირების შესახებ; ამბობენ, რომ იგი "რელიგიურ ადამიანთა კლუბად გადაიქცა, სადაც მხოლოდ ქრისტიანების ყოფნა აღარ არის აუცილებელი". ამასთან, საეჭვოა კონგრესის როლი, მაშინ როდესაც ყველა რელიგია და აღმსარებლობა ერთმანეთშია გადახლართული და "ახალი ეპოქის" შემქმნელთა მიზნებს ემსახურება. ასე მაგალითად, დღემდე არ უარყოფილა ცნობა იმის შესახებ, რომ "ემს-ს ერთ-ერთი პრეზიდენტი მჭიდროდ თანამშრომლობს კორეელი ცრუმესიის სან მიუნ მუნის " გაერთიანების ეკლესიასთან".
    ფაქტები ადასტურებენ, რომ ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრების იძულებით, ეკუმენიზმი სულ უფრო და უფრო ვითარდება გათანაბრების გლობალიზაციისეული პრინციპით და მიზნად ისახავს არა ქრისტიანთა ერთობას, არამედ იღვწის ზერელიგიის ჩამოყალიბებისათვის. იგი სწორად ხასიათდება არა მხოლოდ ზემწვალებლობად, არამედ _ "ზემწვალებლობაზე გაცილებით უარესად" (პროფ. ანდრია თეოდორუ).
    გარდა ამისა, მართებულად ვკითხულობთ: რა მიზანს ემსახურება და საით მიემართება ჩვენი ერთობლივი საქმიანობა ემს-ს მრავალრიცხოვან მწვალებლურ განშტოებებთან?
    წარმოიდგენს ვინმე, რომ ეკლესიის წმინდა მამები,  _ წმ. ათანასე დიდი, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. გრიგოლ პალამა, წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი და სხვები მწვალებელთა და ცრუმადიდებელთა ათენის ამ მისიონერულ კონგრესს შეერთებოდნენ? ან თუ ოდესმე მიიწვევდნენ მწვალებლებს საკუთარ ეპარქიებში და ნებას დართავდნენ თავიანთი ცდომილებები ექადაგათ ან მისიონერული გამოცდილებების ურთიერთგაცვლა მოეწყოთ და თანაც ყოველივე ეს ღირსეულ საქმედ ჩაეთვალათ? როგორც ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩი ამბობდა, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის უბრლო ურთიერთობაც კი "ემს-ს მწვალებლურ, ადამიანის გამაკერპებელ და დამღუპველ გაერთიანებასთან" - "მონურ დამცირებას წარმოადგენს"; მაშ, როგორღა შეიძლება დახასიათდეს ემს- საერთაშორისო კონგრესის მიღება და მასპინძლობა?
    ზოგიერთები ჯიუტად ამტკიცებენ, ეკუმენისტური საქმიანობით მართლმადიდებლობის დამოწმებას ვახდენთ და ემს-ელ ჩვენს ძმებს ჭეშმარიტებასთან მიახლოებაში ვეხმარებითო. ვწუხვართ, ამას რომ ვწერთ, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსგავსი განცხადებები ეძღვნება გულუბრყვილო, მიწიერი და არაეკლესიური აზროვნების ადამიანებს, რომელთაც ეკლესიის ისტორიის ელემენტარული ცოდნაც კი არ გააჩნიათ და არც ემს-ში არსებულ საიდუმლო ინტრიგებზე აქვთ წარმოდგენა.
    ჩვენ, რაღა თქმა უნდა, დიალოგის არ გვეშინია და არც თვითიზოლაციითა ვართ დაავადებულნი, როგორც ემს-ს მხარდამჭერნი გვაკრიტიკებენ, მაგრამ უფალი ადამიანებთან ყოველთვის სხვაგვარად საუბრობს. მართლმადიდებელი ეკლესიაც ნებისმიერ ეპოქაში ღიაა ყოველი ადამიანისათვის და ყოველი ერისათვის. ეს ეკუმენურობა_საყოველთაობა  _ ეკლესიის შემადგენელი ნაწილი და მისი ბუნებრივი თვისებაა, იგი ქრისტეში ადამიანის ხსნისა და ცხონებისაკენაა მიმართული; იგი გარეგნული ფაქტორებიდან არ გამომდინარეობს და არც ემს-ს ტენდენციურ გარემოში მოითხოვს აღიარებას. უფრო მეტიც, იგი [ეკუმენურობა] ამქვეყნიურ მიზნებსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს არ ემსახურება.
    ასევე, ეკლესიის ისტორია მაკაფიოდ ადასტურებს, რომ მწვალებლები, დაახლოების ამგვარი მეთოდების გამოყენებისას, არასოდეს იცვლიან თავიანთ შეხედულებებს. თავად ეკუმენისტები გულწრფელად აცხადებენ, რომ "ეკუმენისტურ მოძრაობაში მართლმადიდებლების ერთსაუკუნოვანი და ემს-ში ორმოცდაათწლიანი მონაწილეობის შემდეგ..., მართლმადიდებლებსა და პროტესტანტებს შორის უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავდა". ეს კი რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი არამართლმადიდებელი ძმები მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით კი არ ინტერესდებიან, არამედ მიისწრაფიან იმისკენ, რომ "ჩვენ, მართლმადიდებლები, ემს-ს სისტემაში ვყავდეთ მომწყვდეულნი, სადაც საჭიროების შემთხვევაში "გამოგვიყენებენ" და როდესაც ჩვენით შეწუხდებიან _ უგულვებელგვყოფენ".
   დღემდე ემს-ში ჩვენმა მონაწილეობამ წარმოაჩინა, რომ:
)      მართლმადიდებლობა, რომლის წარმომადგენლებიც ეკუმენისტურ საბჭოში უმცირესობას შეადგენენ, პროტესტანტიზმის მხრიდან იგნორირებული და დამცირებულია. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ მართლმადიდებელი წარმომადგენლები უძლურნი არიან თავიანთი ურთიერთშეუთანხმებლობისა  და თეოლოგიური მოუმზადებლობის გამოც.
)            მართლმადიდებლობა უარყოფს თავის ეკლესიოლოგიურ თვითშეგნებას, როდესაც, საბჭოს წესდების მიხედვით, ვალდებულია, ერთი მხრივ, უარყოს, რომ  წარმოადგენს  ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, ხოლო მეორე მხრივ, აღიაროს "და-ეკლესიებად" ყველა ის არამართლმადიდებლური აღმსარებლობა, რომელთა უმრავლესობა ფეხქვეშ თელავს წმიდა სახარებისეულ მცნებებს და ქალთა მღვდლობისა და ჰომოსექსუალთა ქორწინებებს აღიარებს.
)        საბჭოს შიდა მოწყობის მიხედვით, მართლმადიდებლებსა და მწვალებლურ პროტესტანტულ მცირე ჯგუფებსა და გაერთიანებებს თანაბარი ძალისა და გავლენის საარჩევნო ხმის უფლება აქვთ. სამწუხაროდ, სწორია ერთი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველის შენიშვნა, რომ "ემს-ს ცენტრალურ კომიტეტში თანაბარი ხმის უფლება აქვთ წმიდა ღვთისმეტყველების საუკუნოვანმატარებელ ალექსანდრიისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს და ერთ ანტიალკოჰოლიკურ "ეკლესიას" _ "ხსნის არმიას", რომლის წარმომადგენლებიც ევქარისტიის ბარძიმის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავენ, რადგან ანტიალკოჰოლიკები არიან და იგი საკუთარ კრებაზე აქვთ უარყოფილი".
    განა ზღაპარს არა ჰგავს მართლმადიდებლობის დამოწმება ემს-ს ამ საშინელ გარემოში? გარდა ამისა, ეჭვგარეშეა, რომ ათეულობით წლების მანძილზე, დაახლოების ამდენი უშედეგო ცდებით, მართლმადიდებლები ჯიუტად ვარღვევთ ღვთის ნათელ მცნებას: "მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე" (ტიტ.3,10).
     თავად ემს-დან მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესის შესახებ შევიტყვეთ შემდეგი:
     კონგრესის თემაა: "მოდი, წმიდაო სულო, განვგკურნე და შეგვარიგე"! მისი ძირითადი მიზანია "მონაწილეთა ზნეობრივი განმტკიცება, რათა ერთობლივად უპასუხონ მისიონერულ გამოწვევას და ქრისტეში შერიგებისა და განკურნებისათვის იღვაწონ". მასში მონაწილეობას მიიღებს 500 ადამიანი, რომელთა შორისაც 400 იქნება კონგრესის წევრი (ემს-ს, კათოლიკეთა, ორმოცდაათიანელთა და ევანგელისტთა წარმომადგენლები), ხოლო 100 _ სპეციალური კონსულტანტი. კონგრესის მონაწილენი თემების გასავითარებლად და მიზნების მისაღწევად, პროგრამის თანხმად, მონაწილეობას მიიღებენ შემდეგ შეკრებებში:
) Home Groups, ე.ი. “ეკლესიათა” და აღმსარებლობათა წარმომადგენლების მცირე, 10 ადამიანისაგან შემდგარ "ოჯახურ" ჯგუფებში, რომელთა მუშაობასაც თითო კონსულტანტი უხელმძღვანელებს. ამ ჯგუფების მიზანია მისივე წევრებს შორის არსებული წინააღმდეგობების დაძლევა, რათა "ცოცხლობდეს კურნება და შერიგება, რომლებიც ადამიანთა ტრანსფორმაციისაკენ მიისწრაფვიან".
) Plenaries, ე.ი. პლენარულ სხდომებში, რომლებიც ყოველდღე ჩატარდება, აქ განხილული იქნება თემები, რომელთაც კავშირი აქვთ ქრისტიანულად წოდებულ ყველა გაერთიანების ერთობლივ მისიონერობასა და ევანგელიზაციასთან, რათა "კონგრესი განკურნებისა და შერიგებისაკენ მიმართულ ცოცხალ ერთობად იქცეს". 
  ) worksheeps, ე.ი. შეკრებებში, რომლებიც შუადღით ჩატარდება და რომლებიც ყველა მონაწილისათვის ვიზუალური და აუდიო საშუალებებით (ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, მუსიკა და ა.შ.), საუბრებით მრგვალ მაგიდასთან, მეგობრული შეხვედრები  და სხვ., განამტკიცებენ განსახილველ თემებს. მიზანი კვლავ ის არის, რომ: "კონგრესი ეკლესიათა შერიგებისა და კურნების ნიმუშად იქცეს, ხოლო მისმა მონაწილეებმა ქრისტეში ერთობა და ღვთისაგან ბოძებული თავისებურებები გამოხატონ".
) ერთობლივ მსახურებებში. პროგრამის თანახმად, "კონგრესს ექნება მდიდარი ლიტურგიკული ცხოვრება. ყოველ დილითა და შუადღით ჩატარდება ლოცვები, სადაც შესვლა ყველასათვის თავისუფალი იქნება. კონგრესის განმავლობაში შედგება ხუთი საკურნებელი მსახურება, რომელიც ტრადიციისამებრ ღია იქნება ყველა აღმსარებლობისათვის". გარდა ამისა, იარსებებს სამლოცველო ღია ცის ქვეშ, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობების მიერ, იმ დროს, როდესაც კონგრესი არ იმუშავებს, ჩატარდება ლოცვები. კვირას, 15 მაისს, კონგრესის მუშაობის ბოლო დღეს, მონაწილეებს ბერძნული ოჯახები ადგილობრივ საეკლესიო შეკრებებზე მიიწვევენ.    
     ვინც კონგრესის პროგრამას გაეცნობა, იკითხავს:     
  ა)              ისეთ სერიოზულ თემაზე საუბრისას, როგორიცაა მისიონერობა, როგორ გადაილახება წინააღმდეგობები კონგრესის მონაწილე წევრთა შორის, ან როგორ აევლება გვერდი იმ დოგმატურ განსხვავებებს, რომლებიც მათ აღმსარებლობებს შორის არსებობს? კვლავ ხომ არ იქნება გამოყენებული დოგმატური მინიმალიზმის კარგად აპრობირებული მეთოდი, რომელსაც დოგმატების უპატივცემულობამდე მივყავართ? ხომ არ იქნება გამოყენებული საერთო კრებების ორმხრივი დიპლომატიური ენა, რომელიც ხაზს უსვამს იმ უმცირესს, რაც აკავშირებს და უარყოფს იმ არსებითს, რაც განყოფს, ე.ს. ქმნის სარწმუნოებაში ერთობის ცრუ შეგრძნებას?
  ბ)            რას ნიშნავს "ღვთისაგან ბოძებული მრავალფეროვნება", რომელიც მონაწილეებმა საზეიმოდ უნდა წარმოაჩინონ? განა ეს სხვადასხვა ჯურის პროტესტანტული ჯგუფების "ეკლესიებად" აღიარებას და მათი მწვალებლური სწავლებების საზეიმო დადასტურებას არ ნიშნავს? არ ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი მონაწილენი კიდევ ერთხელ უარყოფენ ეკლესიის ერთადერთობას და ამგვარად აითქვიფებიან ემს-ს 340-ზე მეტ აღმსარებლობაში? განა ეს _ ადამიანის ეგოიზმისა და სატანის ქმედებით მიღებულ სქიზმათა და მწვალებლობათა სიმრავლე (ჰოი, მკრეხელობა) _ "ღვთისაგან ბოძებული" მრავალფეროვნებაა? 
  გ)           რა სახის იქნება ეს "ხუთი საკურნებელი მსახურება, რომელიც კონგრესის განმავლობაში შედგება და ღია იქნება ყველა მონაწილისათვის"? იქნებ ეს კონგრესის "გამოცდილებათა გაცვლის" მოწოდებას უკავშირდება და ორმოცდაათიანელების ე.წ. "ქარიზმატული ეფექტის"  მსგავსია; ან იქნებ ის უხამსობა უნდა განმეორდეს, რაც ემს-ს მე-7 გენერალურ ანსამბლეაზე მოხდა კანბერაში?
   როგორც წმ. სინოდის ბეჭდვითი ორგანო გვამცნობს (17.05.2005), კონგრესთან დაკავშირებით  გამართულ პრესკონფერენციაზე მასმედიის წარმოამდგენლებს დაუდასტურეს, რომ "კონგრესის მსვლელობისას ერთობლივი ლოცვები არ იქნება". თუმცა, როგორც ჩანს, ეს ინფორმაცია მცდარია. ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები უარს იტყვიან დაგეგმილ საკულტო მსახურებებში მონაწილეობაზე, რადგან, დღემდე არსებული გამოცდილებით, ყოველთვის სწორედ რომ საწინააღმდეგო ხდებოდა. საკმარისია გაგვახსენდეს თუნდაც ის, რომ მართლმადიდებელ ეკუმენისტებს გარკვევით აქვთ განცხადებული, მხოლოდ ერთობლივი ევქარისტიული ლოცვებია მკაფიოდ აკრძალულიო, რითაც ფეხქვეშ თელავენ ჩვენი ეკლესიის ლიტურგიკულ-კანონიკურ ტრადიციას. კონგრესზე ეკუმენისტების მიერ კიდევ ერთხელ შეილახება ეს უმთავრესი ტრადიცია, რადგან კვირას, 15 მაისს, 8.15-სთ-ზე, პროგრამის თანახმად, კონგრესის მონაწილენი გადავლენ ადგილობრივ მართლმადიდებლურ ტაძრებში, სადაც აღესრულება საღმრთო ლიტურგია. ასევე, იმავე დღის საღამოს, ყველა მონაწილე თავს მოიყრის არეოპაგის ბორცვზე, რათა გამოსამშვიდობებელი მსახურება აღასრულონ. მართლაც რომ, კონგრესის ძირითად საკითხს ერთობლივი ლოცვა წარმოადგენს. მთელი კვირის მანძილზე ყოველი მონაწილის გულსა და გონებაში გამეფებული იქნება საერთო ლოცვა: "მოდი, წმიდაო სულო, განგვკურნე და შეგვარიგე!" რა საერთო აქვს ემს-ს მრავალრიცხოვანი მწვალებლების "წმიდა სულს" მასთან, რომელიცაა "სულიწმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყველთა მიერ" და რომელსაც მართლმადიდებელი ქრისტიანები ორი ათასი წელია აღიარებენ და მოუხმობენ?
     საყოველთაოდ ცნობილია, რომ ემს-ს მრავალრიცხოვან აღმსარებლობებს შერყვნილი აქვთ მართლმადიდებლურ-ქრისტიანული სწავლება სულიწმიდის შესახებ. ეკლესიაში დამკვიდრებული სულიწმიდა დღეს გათანაბრებულია და, უფრო უარესიც, გაიგივებულია  სხვა რელიგიებში არსებულ "სულთან". "ემს-ში სულიწმიდის შესახებ კერპთაყვანისმცემლური და ანიმისტური შეხედულებები ბატონობენ", _ აცხადებდა ათენის უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ქრისტოდულოსი.
    ვინაიდან ემს-ში არსებობს "სულიწმიდის ერთი "კერძო", ამქვეყნიური, ან სხვა სულებით ჩანაცვლების ტენდენცია", ამიტომ ზოგიერთი მონაწილე მოუხმობს "დედამიწის, ჰაერის, წყლის და ზღვის ქმნილებათა სულებს", _ აღიარებდნენ ემს-ს მე-7 გენ. ანსამბლეის (კანბერა, ავსტრალია) მართლმადიდებელი მონაწილენი.
   ემს-ს ბოლო ცნობით, ჰონგ-კონგის რელიგიათაშორის კონფერენციაზე დაუფარავად განცხადდა, რომ ყოველი რელიგია ეთაყვანება ერთ ღმერთს, რომელიც სხვადასხვა სახელით იწოდება და "საუბრობს განსხვავებული ფორმითა და ტრადიციებით: იუდეველებში_სეხინა, ქრისტიანებში_წმიდა სამების სულიწმიდა, ინდუისტებში_ატმანი, მუსულმანებში_რუახი".
   ყოვველივე ამის შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვები: რომელი "წმიდა სული" იმოქმედებს იმისათვის, რომ კონგრესის მონაწილეები, "ეკლესიები", ერები და მთელი მსოფლიო განკურნოს და შეარიგოს? განა არარეალისტები, ფანატიკოსები და ფუნდამენტალისტები არიან ისინი, ვინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ემს-ს მიზანია რელიგიური სინკრეტიზმი და ზერელიგიის გამეფება? როგორ უნდა ვუმასპინძლოთ ამ ღვთისმგმობ და ცრუმადიდებელ კონგრესს ჩვენს სამშობლოში, რომელიც ჩვენი სარწმუნოებისათვის თავდადებული მოწამეებისა და აღმსარებლების სისხლითა და ოფლითაა მორწყული? განა რა გულით მივლენ ამ კონგრესზე მართლმადიდებელი წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ თვითშეგნებას უფრთხილდებიან? რატომ ხდება კვლავ უფლის სიტყვების უგულვებელყოფა: "ნუ იქნებით თანა-მეუღლე ურწმუნოთა, რამეთუ რაჲ მოყუსობაჲ არს სიმართლისა და უსჯულოებისაჲ? ანუ რაჲ ზიარებაჲ არს ნათლისა და ბნელისა? ანუ რაჲ შეტყუებაჲ არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ-უცს მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა? ანუ რაჲ სწორებაჳ არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ"(2 კორინ. 6, 14-16). 
         კონგრესის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მათი ძირითადი მიზანია ერთობლივი მისიონერული მოძრაობა. და, მართლაც, დოგმატებისადმი გულგრილი არამართლმადიდებლებისათვის ამგვარი სანახაობა შესაძლოა სწორედაც, რომ ეფექტური იყოს, მაგრამ როგორ შეიძლება მართლმადიდებელი სასულიერო და საერო პირები ამგვარ პერსპექტივას შეეგუონ?
   ემს-ს მწვალებრული მიმდინარეობები განუწყვეტლივ სცილდებიან ბიბლიას და წმიდამამებისეულ შეხედულებას წმიდა სამებაზე და ეკლესიაზე. ამასთან, ბევრი მათგანი არ აღიარებს, რომ ხსნა მხოლოდ ქრისტეშია. ეს "ეკლესიები" ქრისტეს ღმერთკაცობრივ სხეულს არ შეადგენენ და შესაბამისად არ არიან მადლმოსილნი სულიწმიდის მოსახმობად. ისინი დაკნინებული არიან ამაქვეყნიური, უტილიტალური და საზოგადოებრივი ხასიათის გაერთიანებებამდე. მათი "ღმერთი" არ არის ქრისტეში გამჟღავნებული წმიდა სამება, რომელმაც სიკვდილისა და ხრწნისაგან გვიხსნა. მათი "წმიდა სული" _ გაიგივებული ცრუ რელიგიების სულთან _ არის სული სიცრუისა, ბოროტებისა, სული დემონისა, რომელიც ადამიანებს კი არ კურნავს და შეარიგებს, არამედ განყოფს და აშფოთებს. მათ "ქრისტიანულ ზნეობაზე" კი საკმარისია ითქვას, რომ "ემს-ში ისეთი ზნეობრივი კანონები (მამათმავლობა, ლესბოსელობა, აბორტები) დამკვიდრდა, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან სახარებას და მთლიანად უკუაგდებენ ქრისტიანულ, ბიბლიურ და ტრადიციულ ზნეობას".
     განა რა სახის ქრისტიანობის დამოწმება შეუძლიათ მისცენ ერთობლივად ემს-ს წევრებმა თანამედროვე მსოფლიოს? რელიგიური სინკრეტიზმის მიღებით და განვითარებით ხომ ქრისტიანული მისიონერული მოვალეობის თვითლიკვიდაცია ხდება? თანაც როგორ განამტკიცებენ მართლმადიდებლობას ეკუმენისტი იერარქები, თუ ყველა აღმსარებლობა "ღვთისაგან დადგენილ ხსნის სხვადასხვა გზას" წარმოადგენს და ყველა რელიგია ერთ ღმერთს ემსახურება"?
     უპირველესად, ჩვენი ემს-ელი ძმები საჭიროებენ მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ მრწამსზე მოქცევასა და სახარების ქადაგებას, რადგან მას შემდეგ, რაც მათ ქრისტიანული სარწმუნოება დაამახინჯეს, ერთადერთი ჭეშმარიტი ეკლესიის გარეთ იმყოფებიან და ღვთისათვის უცხოდ ითვლებიან. "ის, ვინც კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიის ტრადიციებს არ მისდევს, ურწმუნა" (წმ. იოანე დამასკელი); "ღვთისათვის უცხოდ და მტრად მივიჩნევთ მათ, ვინც მოუნათლავი ან მცდარად მორწმუნეა" (წმ. იოანე სინელი).
        წმ. სინოდის პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ ეკლესიის მრევლი სწორად არ არის ინფორმირებული კონგრესზე საბერძნეთის ეკლესიის მონაწილეობის შესახებ; და ის, რომ ჩვენს ხალხს მიზანმიმართულად არ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია, მისი უპატივცემულობაა და უაღრესად სამწუხაროა.
         2003 წლის 13 თებერვალს, როდესაც წმ. სინოდის მუდმივმოქმედმა კომისიამ მიიღო კონგრესის მასპინძლობის გადაწყვეტილება, ლაკონური განცხადება ამის შესახებ სხვა მრავალ სინოდალურ გადაწყვეტილებაში იყო "ჩამალული". მას შემდეგ, 2005 წლის 17 იანვრამდე, ე.ი. თითქმის ორი წლის მანძილზე, ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვნად აღიარებულ ამ მოვლენაზე არც ერთი სერიოზული ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ვინმეს მორწმუნე ხალხის რეაქციის ხომ არ შეეშინდა?
       ეჭვგარეშეა, რომ კონგრესის ორგანიზება "მცირე სამწყსოს", ეკლესიის სულისა და გულის _ კეთილმორწმუნე მრევლის ჩარევის გარეშე გადაწყდა და მოკლებულია ყოველგვარ საღვთისმეტყველო საფუძველს. მიზეზი, როგორც ეს ცხადად გამოჩნდა, აბსოლუტურად მიწიერი იყო" "ოლიმპიადის შემდეგ საბერძნეთის პოზიციების განმტკიცება მსოფლიოში". ეს არის დასტური იმისა, რომ "ეკლესიას აქვს საბერძნეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰარმონიული თანამშრომლობის თვისება". ვშიშობთ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან  პიროვნული სიამაყისა და ანგარების მიზნები იმალება. ამ გადაწყვეტილების მიმღებნი, ჩანს, შიშის ქვეშ იმყოფებიან: ვაითუ ჩვენი ეკლესია საკუთარ თავში ჩაკეტილად და ფუნდამენტალისტურად დახასიათდეს. ამიტომ აირჩიეს, რომ ამასოფლისათვის სათნონი გამხდარიყვნენ . . . ახლა რა, ყველანი უნდა შევეწიროთ მიწიერების სამსხვერპლოს? ნუთუ მართლა დავკარგეთ უფლისმიერი სიქადული ჩვენი სარწმუნოებისადმი? ნუთუ დაგვავიწყდა მოციქულის სიტყვები: "არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ ამის მტრობაჲ არს ღმრთისაჲ? აწ უკუე, რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების" (იაკობ 4,4). დაგვავიწყდა უფლის საშინელი სიტყვები მათდამი, ვინც მის მცირე ძმებს აცდუნებს: "და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათე 18,6)?

        უნეტარსნო მეუფენო,
    ყოვლადუსამღვდელოესნო წმინდანო მღვდელმთავარნო
  წარმოუდგენელი კმაყოფილებითა და გულწრფელი სიხარულით მოისმინა ჩვენმა მართლმადიდებელმა ხალხმა ყოველივე ის, რაც ეკუმენიზმის მიმართ, 1998 წელს, მთავარეპისკოპოსის ტახტზე აღსაყდრებიდან სულ ცოტა ხანში, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლმა თავის რადიოინტერვიუში გამოხატა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მთავარეპისკოპოსის შენიშვნა: ". . . რადგან ჩვენ ერთი ეკლესია ვართ, ჩვენს სამწყსოსთან ერთად, ჩვენთვის მრევლი ერთგვარ მაკონტროლებელს წარმოადგენს. ამიტომ, დადგენილებამ, რომელიც მიიღება, მრევლის კრიტიკას უნდა გაუძლოს და თუ ვერ გაუძლებს, არ დადგინდება და მასთან ერთად არც ჩვენ დავუჭერთ მხარს". ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ვრწმუნდებით, რომ იმით, რაც ხდება, მწყემსისა და მრევლის ერთობის რღვევის საფრთხე უკვე რეალურია.
     ჩვენი კეთილმორწმუნე ხალხი, რომელსაც საეკლესიო კრიზისის მთელი სიმძიმე და ტკივილი საკუთარ თავზე გადააქვს და რომლის ხმაც ხშირად დამამცირებლად არის უგულვებელყოფილი, ამ სააღდგომო სიხარულის შემდეგ კვლავ შესვამს სიმწარისა და იმედგაცრუების ბარძიმს. თუმცა როდემდე აიტანს? მოთმინებასა და იკონომიას ხომ თავისი საზღვრები აქვს. ჩვენი ეკლესიის კანონიკური, წმიდამამებისეული და ისტორიული ტრადიცია მიგვითითებენ ცხონებისათვის აუცილებელ პოზიციაზე იმ ეპისკოპოსთა მიმართ, რომლებიც ეკუმენისტური მწვალებლობის თანამონაწილედ და თანამმგრძნობად რჩებიან. . . . მართლაც, დღეს, ბერძენი ხალხისათვის ჩვენს ეკლესიაში ერთიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სარწმუნოების საკითხებში დაუშვებელია როგორც პრაგმატიზმი,  ასევე სულ მცირე კომპრომისიც.
     ვიმედოვნებთ, რომ პატივცემული იერარქების უმრავლესობა,, რომელმაც გვიჩვენა, რომ ჩვენი წმიდა ტრადიციების ერთგული რჩება, შეწყვეტს საეკლესიო პროცესების ჩუმად და პასიურად მიდევნებას, პროცესებისა, რომლებიც ხშირად უმცირესობის მიერ იმართებიან, და, თუნდაც ბოლო წუთში, ღვთის შეწევნით, ჭეშმარიტების რწმენითა და კეთილმორწმუნე ხალხის იმედით, თავის თავზე აიღებს პასუხისმგებლობას.
     ველოდებით ისეთ ქმედებას, რომელიც გადარჩენს საბერძნეთის ეკლესიას იმ მოსალოდნელი შედეგებისაგან, რომელსაც ემს-ს კომპილაციური ზემწვალებლობის მიერ, "მისიონერობისა და ევანგელიზაციის საერთაშორისო კონგრესი" ეწოდა. ველოდებით მართლმადიდებლური აღმსარებლობის თუნდაც ერთ დამამშვიდებელ სიტყვას, გამიწიერების საცდურისადმი ერთ "არას".
 
  მხურვალე ლოცვითა და უფლისადმი რწმენით, რომ სულიწმიდამ აუწყოს ყოველი თქვენგანის გულს _ უცვლელი დარჩეს მართლმადიდებლური ტრადიცია და შენარჩუნდეს ჩვენი ეკლესიის ერთობა, თქვენდამი ღრმა პატივისცემით:

1.         პროტოპრ. გიორგი მეტალინოსი, ათენის უნივერსიტეტის ღვთისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი
2.            პროტოპრ. თეოდორე ზისისი, თესალონიკის არისტოტელეს უნივ. პროფ.
3.     არქიმ. სევასტიანოს ამანატიდისი, წმ. პარასკევას მონასტ. (კასტორიის მიტროპოლია) იღუმენი
4.       არქიმ. მაქსიმე კირიტისი, წმ. დიონისე ოლიმპ. მონასტ. იღუმენი
5.       არქიმ. თეოკლიტე ბოლკასი, წმ. არსენ კაპადოკილეის მონასტ. იღუმენი
6.      არქიმ. კირილე კეჰაგიოღლუ, პანტოკრატორის მონასტ. იღუმენი
7.       არქიმ. პაისი პაპადოპულოსი, წმ. გრიგოლ პალამას მონასტ. იღუმენი
8.       არქიმ. ტიმოთე საკასი, პარაკლიტის მონასტ. იღუმენი
9.       არქიმ. მაქსიმე კარავასი, წმ. პარასკევას მონასტ. (ფლორინის მიტროპოლია) იღუმენი
10.    არქიმ. სტეფანე რინოსი, დრიოვუნის მონასტ. იღუმენი
     სულ 261 სასულიერო პირის ხელმოწერა.

  ინტერ. ჟურნალი Ορθόδοξος Λόγος   3 მაისი 2005 წელი
  ახალბერძნულიდან თარგმნა ზ. ალასანიამ

                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                

Комментариев нет:

Отправить комментарий