пятница, 2 сентября 2011 г.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინება 1998 წლის 8 ოქტომბერი


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა განაჩინა:
I. მიუღებელია 1990 და 1993 წლებში შამბეზში (შვეიცარია) მართლმადიდებელ ეკლესიასა და არაქალკედონურ (ორიენტალურ) ეკლესიებს შორის არსებული საღვთისმეტყველო დიალოგის გაერთიანებული საღვთისმეტყველო კომისიის დოკუმენტები (ე. წ. „შამბეზის შეთანხმებები”).
II. მიუღებელია 1991 წლის, ანტიოქიის მართლმადიდებელ ეკლესიასა და ანტიოქიის არაქალკედონიტ (ორიენტალურ) ეკლესიას შორის მიღებული წინასწარი შეთანხმების პროექტი.
III. მიუღებელია 1993 წლის 23 ივნისს ბალამანდში (ლიბანი) მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობლივი კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი: „უნიატობა როგორც მეთოდი გაერთიანებისა წარსულში და ძიება სრული ერთობისა დღეს” (ე. წ. „ბალამანდის შეთანხმება”).
IV. მიუღებელია ფინეთის ავტონომიური ეკლესიის მიერ აღდგომის დღესასწაულის გრიგორიანული პასქალიით აღნიშვნა, რომელიც არ შეესაბამება ნიკეის I მსოფლიო კრების დადგენილებას აღდგომის დღესასწაულის თარიღის შესახებ. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო მართლმადიდებლური პოზიციიდან გამომდინარე ეს არის კანონიკური დარღვევა, და არა მწვალებლობა. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინეპოლის საპატრიარქო (რომლის იურისდიქციაშიც შედის ფინეთის ავტონომიური ეკლესია) უარყოფითადაა განწყობილი ამ კანონიკურ დარღვევისადმი და მიაჩნია, რომ აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნოს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილების შესაბამისად (იხ. კონსტანტინეპოლის პატრიარქის წერილი N 1214/1997).
V. მიუღებელია არამართლმადიდებლური, მოდერნისტული თეოლოგიის წიაღში ჩამოყალიბებული ეკლესიოლოგიური მწვალებლური სწავლება მაცხოვნებელი მადლის ეკლესიის კანონიკური საზღვრების გარეთ არსებობის შესახებ და მისი უკიდურესი გამოვლინება ე. წ. „განშტოებათა თეორია”, რომლის მიხედვითაც დღეს არსებული სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობები განიხილება, როგორც ქრისტეს ჭეშარიტი ეკლესიის სხვადასხვა თანაბარზომიერი განშტოებები, რომელნიც ერთნაირად ფლობენ ღვთაებრივ მადლსა და ჭეშმარიტებას.
VI. მიუღებელია არამართლმადიდებლებთან თანალოცვა და თანაზიარება, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ყოველთა მართლმადიდებელთა შეკრებაზე (ქ. თესალონიკი, 1998 წლის 29 აპრილი – 2 მაისი) მიღებული საბოლოო დოკუმენტით, რომლის მე-13-ე მუხლის ბ) პუნქტში წერია: „მართლმადიდებელი დელეგატები არ მიიღებენ მონაწილეობას ეკუმენურ მსახურებაში, საერთო ლოცვებსა და ღვთის თაყვანისცემაში და ასამბლეის სხვა რელიგიურ ცერემონიებში”.

1 комментарий:

  1. თუნდაც არაფერი ვიცოდეთ საქართველოში ეკლესიის საქმეების ნამდვილი ვითარების შესახებ, მაინც შეიძლება საქართველოს სინოდის ამ დოკუმენტში ერთი პრინციპული არათანმიმდევრულობის დანახვა, რომელიც მთელ მის "მართლმადიდებლურ" მნიშვნელობას აქარწყლებს (და ამით იგი უბრალო ტაქტიკური ხერხის დონემდე დაჰყავს): სინოდი აპროტესტებს ეკუმენისტური მოძრაობის სხვადასხვა კერძო საკითხს და სამართლიანად მიუთითებს მათ არამართლმადიდებლურ ანუ მწვალებლურ ხასიათზე, მაგრამ მისი დასკვნები სულ სხვაგვარი გახლავთ, ვიდრე ის, რასაც მწვალებლობის პირისპირ აღმოჩენილი ნამდვილი მართმადიდებელი გააკეთებდა.
    ნებისმიერი ეკუმენისტური ქმედების, როგორც უბრალოდ შეცდომის, განკითხვა ჯერ კიდევ არ არის საკუთარი მართლმადიდებლური სარწმუნოების აღმსარებლობა. მწვალებლობის მართლმადიდებლური განკითხვა პირველ ყოვლისა მდგომარეობს ლოცვითი კავშირის გაწყვეტაში მათთან, ვინც დამნაშავეა მწვალებლობაში. სხვაგვარად რომ ვქთვათ, როგორც მართლმადიდებლობის ქართველი დამცველები ჯერ კიდევ 1997 წელს მიუთითებდნენ, საჭიროა არა მარტო უარის თქმა ყოველგვარ ეკუმენისტურ საქმიანობაზე, არამედ ევქარისტული კავშირის გაწყვეტა ეკუმენისტურ იურისდიქციებთან, განსაკუთრებით კი კონსტანტინეპოლთან, რომელიც ამ მწვალებლობის "მართლმადიდებელ" მომხრეთა სათავეში დგას. აუცილებელია აღარ განვიხილოთ "ოფიციალური მართლმადიდებლობა", როგორც ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა საკრებულო, არამედ როგორც ერთობლიობა იმ საზოგადოებებისა, სხვადასხვა ხარისხით რომ არიან დასნებოვნებულნი ეკუმენისტური მწვალებლობით.

    ОтветитьУдалить